რუსული დიზელით დატვირთული პირველი ტანკერი, რომელიც მოსკოვსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ამერიკისკენ მიემართება, ნიუ-იორკში ჩასასვლელად ემზადება. ამის შესახებ Reuters გემების გადაადგილების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

LSEG-ის ინფორმაციით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Agioi Fanendes რუსეთის ბალტიისპირა პორტ პრიმორსკში 22 ოქტომბერს 40 000 ტონა ულტრადაბალი გოგირდშემცველობის დიზელით დაიტვირთა. აშშ-ში მისი ჩასვლა 7 ნოემბერს არის მოსალოდნელი. მყიდველისა და გამყიდველის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ეს იქნება რუსული ნავთობპროდუქტების პირველი იმპორტი აშშ-ში მას შემდეგ, რაც 2022 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა აკრძალა.

ტრამპმა შეთანხმება დიზელზე გაზრდილი ფასების შემცირების მიზნით გამოაცხადა, 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. მან რუსეთის წინააღმდეგ ახალი ამერიკული სანქციების კანონის ნაწილის მოქმედებაც შეაჩერა. ამასთან, ევროპის ქვეყნებს აშშ-დან დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, თუ ფასების შესამცირებლად საგანგებო რეზერვებიდან დამატებით საწვავს არ გამოუშვებდნენ.

9 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწვდიდა 300 000 ტონა, ანუ დაახლოებით 2,25 მილიონ ბარელ დიზელს. გეგმა ნოემბერში კიდევ 500 000 ტონის, შემდეგ კი დამატებით ერთი მილიონი ტონის მიწოდებას ითვალისწინებს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს დაადასტურა, რომ შეთანხმების ფარგლებში პირველი ტანკერი უკვე გავიდა პორტიდან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მისი დანიშნულების ადგილი აშშ იყო თუ სხვა ბაზარი. მისი თქმით, შემდგომი მიწოდებები რეგულარულად გაგრძელდება.

შეთანხმება რუსეთის მიერ დიზელის ექსპორტზე დაწესებული საკუთარი აკრძალვის მოხსნასაც მოიცავდა. გემების გადაადგილების მონაცემებით, რუსული საწვავის მიწოდება ტრადიციულ მიმართულებებზეც განახლდა – სულ მცირე ორი ტანკერი თურქეთისა და ბრაზილიისკენ მიემართება.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2023 წლის თებერვალში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე ემბარგო აამოქმედა, რუსეთის დიზელის ძირითადი საექსპორტო ბაზრები თურქეთი, ბრაზილია და აფრიკის ქვეყნები გახდნენ. ცენტრალურ აზიას საწვავი რკინიგზითაც მიეწოდება.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, აშშ-ში დამატებითი პარტიების გაგზავნა გაგრძელდება, როგორც კი ორი ქვეყნის კომპანიები შესაბამის კონტრაქტებს შეათანხმებენ.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის თქმით, აშშ-ის ხაზინამ ფონდს შეთანხმებასთან დაკავშირებული გადახდის საკითხების მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

ნოვაკის პროგნოზით, წლის ბოლომდე რუსეთი დიზელის ექსპორტს ჩვეულ მოცულობამდე, თვეში 3-3,5 მილიონ ტონამდე, გაზრდის.

წყარო: reuters