ავჭალის დასახლებაში, 13 წლის ბიჭი ლიფტის შახტაში ჩავარდა,რის შედეგადაც გარდაიცვალა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა.ადგილობრივების ცნობით,კორპუსი,რომელშიც შემთხვევა მოხდა,წლებია ავარიულია,რასთან დაკავშირებითაც მერიას რამდენჯერმე მიმართეს სხვა საცხოვრებელის გამოყოფის თხოვნით,თუმცა უშედეგოდ.
ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა-„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შევთავაზეთ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.