ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროკავშირი კანადასთან ურთიერთობის გაღრმავებას და ოტავასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გაფართოებას ისახავს მიზნად.

როგორც კოშტამ POLITICO-ს განუცხადა, ევროკავშირს კანადასთან „ასოცირებული წევრობის“ ფორმატზე მსჯელობის ფარგლებში უფრო ფართო თანამშრომლობა სურს. მისივე განმარტებით, ამ კონცეფციის არსი კანადასთან ერთობლივი საქმიანობის გაფართოებაა.

„ეს კონცეფცია, არსებითად, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს კანადასთან დაკავშირებით უფრო მეტი გავაკეთოთ და მაქსიმალურად ერთობლივად ვიმოქმედოთ“.

კოშტას თქმით, კანადის ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე საუბარს გეოგრაფიული ფაქტორი გამორიცხავს.

„არსებობს ერთი მცირე პრობლემა: გეოგრაფიულად ის [კანადა] არ არის ევროპული ქვეყანა და, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა არ შეუძლია”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომლებშიც ევროკავშირსა და კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავება შესაძლებელია.

“ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე – ხელოვნურ ინტელექტსა და კვანტურ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და ახალი ტექნოლოგიური გამოწვევების მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განმტკიცებაზე, რადგან თანამოაზრე და სანდო პარტნიორები ვართ“, – აღნიშნა კოშტამ.

მისი თქმით, 29-30 ოქტომბერს მონრეალში დაგეგმილი ევროკავშირი-კანადის სამიტი მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთობების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ევროკომისიის ინფორმაციითაც, სწორედ ამ სამიტზე იგეგმება კანადასთან ურთიერთობის გაძლიერების მიმართულებების უფრო კონკრეტულად განხილვა.

კანადის ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე საუბარი გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც დაიწყო. მან განაცხადა, რომ სურს, კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობის შესაძლებლობის კარი გაეხსნას.

POLITICO-ს ცნობით, ფონ დერ ლაიენის ინიციატივამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი გააკვირვა და მათთვის ამ სტატუსის კონკრეტული შინაარსი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ევროპასთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით მუშაობს. ინიციატივა განიხილება იმ ფონზე, როდესაც კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობაა.

ევროკავშირსა და კანადას უკვე აქვთ თანამშრომლობის არაერთი ფორმატი, მათ შორის სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროებში. 2025 წელს მხარეებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი.