აშშ-ისრაელისა და ირანის კონფლიქტის შესაძლო დასრულების მოლოდინმა გლობალურ ბაზრებზე მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო აზიის საფონდო ბირჟები ზრდით შეხვდა სამშვიდობო შეთანხმების მოახლოების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე „საკმაოდ მყარი შეთავაზებაა“ და კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უკვე ორშაბათს გაფორმდეს.

ორშაბათს დილით ნედლ ნავთობზე ფასების მკვეთრი კლება დაფიქსირდა:

  • Brent-ის მარკის ნავთობი: ფასი 5.5%-ით დაეცა და ბარელზე $97.90 შეადგინა.

  • ამერიკული ნედლი ნავთობი (WTI): ფასი 5.9%-ით შემცირდა და $90.93-მდე ჩამოვიდა.

მიუხედავად ამ კლებისა, ენერგორესურსების ღირებულება მაინც მნიშვნელოვნად მაღალია ომამდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც Brent-ის ფასი $70-ის ფარგლებში მერყეობდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი ჰორმუზის სრუტის გახსნაა. ეს სრუტე, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დაახლოებით მეხუთედი მოდის, 28 თებერვლიდან  კონფლიქტის დაწყების დღიდან, ფაქტობრივად ბლოკირებულია.

ირანის მხარე მოლაპარაკებებში პროგრესს აღიარებს, თუმცა ოფიციალური თეირანი მაინც ფრთხილობს:

„საკითხების დიდ ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ განსახილველია. შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალი არ არის.“ – ესმაილ ბაყაი, ირანის მთავრობის წარმომადგენელი

პრეზიდენტმა ტრამპმაც, მიუხედავად ადრეული ოპტიმიზმისა, მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდა, „ნუ იჩქარებენ“.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს რეგიონის ლიდერებთან „მშვიდობის შესახებ ურთიერთ გაგების მემორანდუმთან“ დაკავშირებით.

  • საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ლიდერებთან.

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, გლობალური ენერგო ბაზარი მყისიერად ვერ დამშვიდდება.  ნავთობის ბაზარი 2027 წლამდე დაძაბული დარჩება, რადგან დროა საჭირო სრუტეში ნავიგაციის აღსადგენად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად და მარაგების შესავსებად.

გადაზიდვების სფეროს ანალიტიკოსი, ლარს ჯენსენი უსაფრთხოების რისკებზე ამახვილებს ყურადღებას:

„შეთანხმების გამოცხადების შემთხვევაშიც კი, საზღვაო კომპანიები მოერიდებიან სპარსეთის ყურეში გემების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ზღვაში ნაღმების არსებობის საფრთხის გამო. მიწოდების ჯაჭვების სრულად აღდგენას, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.“

სამშვიდობო მოლოდინებმა ყველაზე მეტად აზიური ბაზრები გამოაცოცხლა, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ენერგორესურსებზე.

იაპონიის Nikkei 225 ინდექსი მკვეთრად — 3%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად გადააჭარბა 65,000-იან ნიშნულს. კონფლიქტის დეესკალაციით განსაკუთრებით სარგებლობენ იაპონია და სამხრეთ კორეა. ამავდროულად, ამერიკული და ბრიტანული ბაზრები ორშაბათს, სადღესასწაულო დღეების გამო, დაკეტილია, რის გამოც დასავლეთის რეაქცია ბირჟებზე მოგვიანებით აისახება.