“ ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებას, “ – ამის შესახებ გაერო-ს წევრი 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაავრცელა . „გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალ და საშინელ დონეს მიაღწია, კერძოდ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების კიდევ უფრო გაძლიერებით. მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ქვეყნები რუსეთის მიერ კიევში დიპლომატიური დაწესებულებებისა და საელჩოების წინააღმდეგ მუქარას გმობენ. „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და უზრუნველყოს მთელი თავისი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.