თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უამინდობის დროს ავლაბრის მეტროსადგური-ში შექმნილი ვითარება კატეგორიულად მიუღებელია და ფაქტზე მოკვლევა დაიწყება.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებულ სადგურში ძლიერი წვიმის დროს წყალი ისე ჩამოდიოდა, „როგორც გარეთ“.

„ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურ „ავლაბარში“, როგორც გარეთ. წყალი ჩამოდიოდა და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს, უხერხულობას და პრობლემას წარმოადგენდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, სადგური რეაბილიტაციამდე მძიმე, ამორტიზებულ და ავარიულ მდგომარეობაში იყო, პროექტის განხორციელებას კი გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ შესრულებულ სამუშაოებში აშკარა ხარვეზი გამოვლინდა.

კალაძემ აუდიტის სამსახურსა და მერის მოადგილეებს დაავალა, დაიწყონ მოკვლევა და დაადგინონ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა – სამშენებლო კომპანიას, ზედამხედველს თუ პროექტის მიმღებ მხარეს.

„არ ვიცი, ვისი ბრალია: კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს ყველას გვაზიანებს – პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, ყველა საუბრობს მერიაზე, ჩვენზე“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე განცხადებით, თუ საჭირო გახდება, შესაბამისი უწყებები დამატებით ნაბიჯებსაც გადადგამენ. თბილისის მერმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ მუნიციპალური პროექტების შემსრულებელ კომპანიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხარისხისა და გამძლეობის მიმართულებით.

„ვამბობთ, რომ სამუშაოები იმისთვის კეთდება, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. როდესაც ქუჩების რეაბილიტაციას ვაკეთებთ, ძირეულად იცვლება ყველაფერი. ადრე ამას არავინ აქცევდა ყურადღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.