თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი – ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის ზომას მოსამართლე 2 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
საქმის ფარგლებში პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას ედავებოდა, ხოლო ანი ნასყიდაშვილს – შეუტყობინებლობას.
სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
„დიახ! სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო! 6 თვის განმავლობაში „იცირკავა“ ბრალდებულების მშობლებმა და ადვოკატებმა! მაგრამ დიახ, ეს ცირკი არ იყო! ეს იყო უდანაშაულო, ჯანსაღი, გენიოსი ახალგაზრდის მკვლელობა! სასჯელის ზომის გამოცხადების დღე ჩაინიშნა 2 ივნისს, 12 საათზე!“ – წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, გიგა ავალიანისა და კიდევ რამდენიმე საქმეზე სასამართლომ არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანი უკვე დამნაშავედ ცნო ორ ძირითად მუხლში, რომლებიც ჯამში ხუთ ეპიზოდს მოიცავდა. საბოლოო სასჯელის სახედ მას 6 წელი და 9 თვე პატიმრობა განესაზღვრა.
გამოძიების მიმდინარეობისას პროკურატურამ დემეტრე ჩიქოვანს ბრალი რამდენჯერმე დაუმძიმა. საბოლოოდ, იგი გასამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას, ჯგუფურად ჩადენილს გულისხმობს. ასევე, სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ეხება.
პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს ერთიანი გამოძიების ფარგლებში ხუთ ეპიზოდს ედავებოდა, მათ შორის – გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.
ამავე საქმეზე ბრალდებულები იყვნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, რომლებსაც სასამართლომ 10 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.