საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარ ფაქტზე, რომელიც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას ეხება, გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შემთხვევა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა, სადაც პოლიციამ, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დააკავა.

მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში “ქართლის ამბები” გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგი ბზიშვილიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ცივი იარაღი ჰქონდა.