საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთ-ერთი საუბრის დროს განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ურთიერთობების გაუმჯობესება პრაქტიკულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ გვქონდა ერთი საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, საუბარი იყო ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში არსებობდა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებმაც საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები გააუარესა, თუმცა ეს ხალხებს შორის ურთიერთობაზე არ ასახულა.
კობახიძემ მაგალითად დაასახელა საქართველოს ელჩის გაწვევა, ასევე მისი თქმით, „პრაქტიკულად, ელჩის გამოძევების საკითხი“, სანქციებთან დაკავშირებული უთანხმოება და უკრაინაში ქართველი მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თემა.
„ელჩი გაიწვიეს ჩვენი ქვეყნიდან იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები და მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ურთიერთობების გაუარესებაზე გავლენა მოახდინა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან „მეორე ფრონტის გახსნასთან“ დაკავშირებულმა მოწოდებებმაც.
„რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. თუ იქნება ინტერესი, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ჩვენს ხელისუფლებებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.