საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ოპოზიციის რესურსი „პრაქტიკულად არ არსებობს“.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის ლიდერების – ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე დაახლოებით 5 000 ადამიანის შეკრება თავად ოპოზიციისთვისაც შეიძლება წარმატებად შეფასდეს.

„რასაც ვწინასწარმეტყველებდით, ის მოხდა – მორიგი აქცია ჩაუვარდათ. გამოსული იყო ადამიანების ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ამჟამად იმაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ორი წლის წინ ჰქონდა და, მისი თქმით, არჩევნების შემთხვევაში მაშინდელ შედეგსაც ვერ გაიმეორებდნენ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უცხოელი კონსულტანტებისა და სტრატეგების ჩართულობის შესახებ. მისი თქმით, სხვადასხვა სცენარის დაგეგმვა მუდმივად ხდება, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებლად სრულდება.

„იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი. ამის მიზეზია მათი წარსული და უახლესი წარსულიც. საზოგადოების ნდობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის „პატრონები“ საქართველოში არსებულ ვითარებას არასწორად აფასებენ, რის გამოც არასწორ პოლიტიკურ გზავნილებსა და სლოგანებს ირჩევენ.

„ისინი მოქმედებენ არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით. მათი დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას“, – განაცხადა პრემიერმა.