ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ლიბანში სამხედრო ოპერაციას აფართოებენ და სტრატეგიულ, დომინანტურ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ისრაელის არმია ადგილზე „დიდი ძალებით“ მოქმედებს და უსაფრთხოების ზონას ამაგრებს, რათა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებები და თემები ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ თავდასხმებისგან დაიცვას. ნეთანიაჰუს ამ განცხადებამდე, ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ მათმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. „ყვითელი ხაზის“ მიღმა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

ნეთანიაჰუს მიერ სამხედრო მოქმედებების გაძლიერების პირობის დადების შემდეგ, ისრაელმა სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანზე ინტენსიური საჰაერო და საარტილერიო იერიშები მიიტანა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმების ბოლო ტალღის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია.

როგორც BBC წერს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაბომბვის ღამე აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ წარმატებით დაარტყეს „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტსა და მებრძოლს. ამ დროისთვის ორმხრივი ცეცხლი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება –  ისრაელი აქტიურ დარტყმებს ახორციელებს ლიბანის სამხრეთში, ხოლო „ჰეზბოლა“ საპასუხოდ რაკეტებსა და დრონებს ისვრის ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებისა და იმ სამხედრო შენაერთების მიმართულებით, რომლებიც სამხრეთ ლიბანის ნაწილებს იკავებენ.