გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებას ეხმაურება და მას მიუღებელს უწოდებს.
ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განმარტება „იმ მიზანს ემსახურება, რომ პოლიციელების მიერ განხორციელებულ ძალადობას გამართლება მოეძებნოს“.
„ეს არის უბრალოდ მცდელობა, რაღაცნაირად გამართლება მოხდეს იმ საშინელი ძალადობის, რომელიც ვნახეთ“, – განაცხადა რევაზიშვილმა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულმა პოლიციელს ქვით დაზიანება მიაყენა, არ შეესაბამება რეალობას.
„გამორიცხულია, ასეთი რამ მომხდარიყო და არც მომხდარა“, – აღნიშნა ადვოკატმა და განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ჯერ არ აქვს სრულად წვდომა საქმის მასალებზე, რადგან დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად ჯერ არ მინიჭებია.
რევაზიშვილის თქმით, ნებისმიერი საუბარი მოქალაქეების მხრიდან პოლიციელებზე ძალადობაზე, მისი შეფასებით, ემსახურება მხოლოდ „გაუმართლებელი სისასტიკის გამართლების მცდელობას“.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე შეზღუდულია და დეტალებს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაასაჯაროებენ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს დაზარალებულის მიმართაც პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.