განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მომავალ წლებში ეტაპობრივად მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებზეც გავრცელდება.
მინისტრმა ამის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია სკოლებში ფორმის კულტურის დამკვიდრება.
მისი თქმით, სასკოლო ფორმას როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალური და კულტურული მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელს უწყობს დისციპლინისა და აკადემიური გარემოს შექმნას, ამცირებს სოციალურ განსხვავებებს და მშობლებისთვის ხარჯებსაც ამსუბუქებს.
„ჩვენ სკოლაში ფორმას არ ვაბრუნებთ — სკოლაში ფორმის კულტურა შემოგვაქვს“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმით უზრუნველყოფილი იქნებიან პირველკლასელები, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ფორმას მიიღებენ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებიც.
მისივე თქმით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და ყოველწლიურად თითო კლასი დაემატება.
„თუ წელს ფორმას მეექვსე კლასელები ჩაიცვამენ, შემდეგი წლიდან მეშვიდე კლასიც დაემატება, შემდეგ – მერვე და ასე შემდეგ. რამდენიმე წელში ფორმის კულტურა სრულად ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცესი ამ ეტაპზე ხელახლა მიმდინარეობს, რადგან თავდაპირველად გამოვლენილმა კომპანიებმა მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. მისი თქმით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასაც ცდილობს და საერთაშორისო ტენდერი არ გამოუცხადებია.