განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო მიზნად ისახავს, რომ მომავალში ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად მოსწავლეებში ჯანსაღი კვების კულტურა დამკვიდრდეს.

მინისტრმა ამის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, სკოლებში კვების მიმართულებით უკვე ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის – არსებული ბუფეტებისა და კვების ობიექტების მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეგულაციების შემუშავება.

„სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი არის, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა“, – განაცხადა მიქანაძემ.

მინისტრის განმარტებით, სპეციალური დოკუმენტი, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, დეტალურად არეგულირებს პერსონალის ჰიგიენის, მონიტორინგისა და კონტროლის საკითხებს, ასევე განსაზღვრავს დასაშვები და აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს.

მისივე თქმით, სკოლებში აიკრძალა ისეთი პროდუქტების რეალიზაცია, როგორიცაა:

  • ჩიფსები და არომატიზებული წასახემსებლები;
  • ტკბილი გაზიანი სასმელები;
  • შოკოლადი, კანფეტი და საღეჭი რეზინი;
  • კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
  • მაიონეზი და მაიონეზით დამზადებული პროდუქტი;
  • ყავა და სხვა არაჯანსაღი საკვები.

გივი მიქანაძის განცხადებით, სკოლებში შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფებიც, სადაც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო განიხილავს სასკოლო კვების რამდენიმე მოდელს, მათ შორის ჰაბ-სკოლების სისტემას, ადგილზე მომზადებულ კვებასა და ე.წ. ლანჩბოქსების მოდელს.

მისივე თქმით, სასკოლო კვების სისტემის სრულფასოვანი დანერგვა მოითხოვს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ლოჯისტიკურ და ჰიგიენურ სტანდარტებზე მორგებულ კომპლექსურ მიდგომას.