გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს გორში, ბრალდებულებმა პირის დაკავების პროცესში ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შემთხვევის შედეგად დაზარალებულის ჯანმრთელობა დაზიანდა და მისი უფლებები არსებითად დაირღვა.

პროკურატურის ინფორმაციით, მოკლე დროში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ეჭვმიტანილები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც ძალადობით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება აცხადებს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მიიღებს.