დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანი „დიდი მეგობარი და ლიდერია“, რომელიც საკუთარ ქვეყანას აძლიერებს და უსაფრთხოს ხდის.
ტრამპის განცხადებით, ფაშინიანი სრულად იზიარებს მის ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა ხნის წინ სომხეთში იმყოფებოდა, სადაც ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებაზე მუშაობა წარიმართა.
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ და სომხეთი ერთობლივად ჩაყრიან საფუძველს „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზისთვის“, რომელიც, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს და ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
ამასთან, დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანს 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებისთვის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული – MAGA!“ – წერს ტრამპი.