საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გორში სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება მნიშვნელოვანი იყო, რადგან სახელმწიფომ სწრაფი რეაგირება მოახდინა.
მისი თქმით, სწორედ ამ კადრების არსებობამ შესაძლებელი გახადა დაუყოვნებლივი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.
„ძალიან კარგია, რომ კადრები გავრცელდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მომხდარი შემთხვევა მძიმეა და აუცილებელი იყო სწრაფი სამართლებრივი რეაგირება, რაც უკვე განხორციელდა, დაკავებულები არიან სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების დაუშვებლობა მნიშვნელოვანია, რათა ძალადობას სისტემური ხასიათი არ მიეცეს.
მისივე თქმით, ხელისუფლების მოქმედი მიდგომა განსხვავდება წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან და ყველა სამართალდარღვევა, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი, უნდა იყოს დასჯადი.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია სამართალდამცავმა სისტემამ იმუშაოს „დახვეწილი ხელწერით“, ხოლო მსგავს შემთხვევებზე რეაგირება უნდა იყოს სწრაფი და მკაცრი.