თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გავრცელებული კადრები მძიმე სანახავი იყო და საზოგადოებაში ბუნებრივად გამოიწვია უარყოფითი რეაქცია.

„ფაქტი ძალიან მძიმე სანახავი იყო. ვინც კადრები ნახა, გულგრილი ვერავინ დარჩებოდა. თუმცა აქ არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი  შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს კანონის დარღვევის შემთხვევების იგნორირებას.

„არავის მიეცემა საშუალება დაარღვიოს კანონი და ამას თვალდახუჭულმა შევხედოთ“, – აღნიშნა მან.

კალაძემ ასევე გააკრიტიკა ოპოზიციის შეფასებები, რომლებიც ამ ფაქტს „სისტემურ დანაშაულად“ აფასებს. მისი თქმით, მსგავსი ტერმინები უსაფუძვლოა და წარსულ პრაქტიკას არ შეესაბამება.

„სისტემური დანაშაული 2012 წლამდე ხდებოდა. მაშინ გვახსოვს, რა ვითარება იყო ქვეყანაში და როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ხალხი ხედავს განსხვავებას“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, გორში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს დაზარალებულის მიმართაც.