განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში უნივერსიტეტების მიერ წარდგენილი საბაკალავრო პროგრამების ნაწილის სამწლიან მოდელზე გადასვლა უკვე დადასტურებულია.
როგორც მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას აღნიშნა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნივერსიტეტებმა ჯამში 600 საბაკალავრო პროგრამა წარუდგინეს, რომელთაგან 300 უკვე შეესაბამება სამწლიან პროგრამაზე გადასვლის მოთხოვნებს.
მინისტრის თქმით, დარჩენილი პროგრამების შეფასების პროცესი ამ ეტაპზე გრძელდება და მთლიანად პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურ კომუნიკაციაშია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საბაკალავრო პროგრამებზე ანგარიშების წარმოდგენა დასრულდა პირველ მაისს და მიმდინარეობს მათი გადამოწმება. დღეის მდგომარეობით, წარდგენილი 600 პროგრამიდან 300 უკვე დადასტურებულია სამწლიან მოდელზე გადასვლის შესაბამისობაში“, – განაცხადა მიქანაძემ.
რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, მინისტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტებს ანგარიშების წარდგენა 1 ივლისამდე შეუძლიათ, ხოლო ე.წ. 1+1 მოდელზე გადასვლის პროცესი ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობენ შესაბამისი ცვლილებების ადაპტირებაზე და ეტაპობრივად წარადგენენ საჭირო დოკუმენტაციას.