რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორც პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრისას აღნიშნა, ორი ქვეყნის თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში აქტიურად ვითარდება.

მისი თქმით, რუსეთი და ყაზახეთი ერთობლივად მუშაობენ ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, დსთ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, BRICS, გაერო და კასპიის ხუთეული, ასევე რუსეთ-ცენტრალური აზიის ფორმატი.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

„სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება და ეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების სერიოზული ფაქტორია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. მას ასტანაში 30-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი დელეგაცია ახლავს, მათ შორის მაღალი რანგის მთავრობის წევრები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეობა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის ღონისძიებებშიც.