ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას სრულად აგრძელებს მაშინ, როცა რუსეთი აგრესიულ ომს კიდევ უფრო აძლიერებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა, დრონები და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობები ევროპის ყველაზე გადაუდებელ თავდაცვის პრიორიტეტებს შორისაა და უკრაინა სრულად იქნება ინტეგრირებული ამ ძალისხმევაში.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის სესხი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და მხოლოდ მიმდინარე წელს, უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაფინანსებლად, 28.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საუბრისას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც განიხილეს. მისი შეფასებით, მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად.