საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრის პარლამენტში წარდგენილი წლიური მოხსენების მიხედვით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით მიმდინარეობს უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების მასშტაბური პროექტი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით უკვე შეიქმნა სპეციალური განვითარების სამმართველო და შესაბამისი სასწავლო-კვლევითი სკოლა, რომელიც სისტემის მომზადებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე იმუშავებს.

ანგარიშის მიხედვით, პარალელურად მიმდინარეობს სამხედრო ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე რადიოსისტემებით, რაც მიზნად ისახავს მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემების გაუმჯობესებას.

ასევე გრძელდება ქვედანაყოფების უზრუნველყოფა სპეციალური კავშირგაბმულობის მანქანებითა და ტაქტიკური რადიოსადგურებით, რაც ოპერატიულ კომუნიკაციას და საბრძოლო მზადყოფნას აძლიერებს.

დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ისე მაღალი გამავლობის მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, რაც ზრდის ქვედანაყოფების მობილობასა და სწრაფ გადაადგილების შესაძლებლობას.

ანგარიშში ასევე საუბარია საავიაციო პარკის განახლებაზე. მიმდინარეობს საფრენი აპარატების აღდგენა, მათ შორის სასწავლო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მოდერნიზება და შვეულმფრენების შეკეთება, რაც თავდაცვის ავიაციის მზადყოფნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.