საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. სასამართლომ მოპასუხე მხარეების ახსნა-განმარტებები მოისმინა. სხდომაზე საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გიორგი სიორიძემ და ლევან სამუშიამ, მოგვიანებით კი – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ.
განხილვისას მხარეებმა ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობაზე, წარსულ პოლიტიკურ მოვლენებზე, არჩევნების შედეგების აღიარებაზე, სახელმწიფო სუვერენიტეტსა და პარტიების აკრძალვის სამართლებრივ საფუძვლებზე. სხდომას რამდენჯერმე მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება, რის გამოც სასამართლოს თავმჯდომარემ მხარეებს კორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა.
მომდევნო კვირის განმავლობაში სასამართლო განხილვაში შესვენება გამოცხადდება. პროცესი 9 ნოემბრიდან კითხვა-პასუხის ეტაპით განახლდება.
„ლელოს“ წარმომადგენლები სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებს ედავებიან
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ განსაზღვრავს და სხვადასხვა პარტიის საქმიანობას ერთიან კონტექსტში განიხილავს.
ლევან სამუშიას განცხადებით, სარჩელში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც „ლელოს“ მხრიდან კონსტიტუციით აკრძალული საქმიანობის განხორციელებას დაადასტურებდა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის აუცილებელია კონკრეტული ქმედებებისა და მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალური შეფასება.
„საკონსტიტუციო სარჩელში გამიჯვნა, ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის მიმართ ბრალდება. ქმედებათა ინდივიდუალიზაცია სამართლის ანა-ბანაა“, – განაცხადა სამუშიამ.
მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ „ლელო“ 2019 წელს შეიქმნა, მაშინ როდესაც სარჩელში განხილული არაერთი პოლიტიკური მოვლენა 2003–2012 წლებს უკავშირდება.
სამუშიას შეფასებით, გაუმართლებელია პარტიისთვის იმ პერიოდის მოვლენებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია ჯერ არ არსებობდა.
ამ კონტექსტში მან სარჩელის ხელმომწერი დეპუტატების წარსული პოლიტიკური საქმიანობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი თავად იყო დაკავშირებული იმდროინდელ ხელისუფლებასთან.
სამუშია შეეხო 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებსა და ტელეკომპანია „იმედში“ სამართალდამცველების შესვლასაც. მისი განცხადებით, ის იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდა და ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას უწევდა.
მან ასევე ისაუბრა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე კორუფციულ საქმეებზე და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
სამუშიას გამოსვლას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მოპასუხე მხარე სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდა.
„სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში“, – აღნიშნა გორდულაძემ.
სამუშიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მის მიერ დასახელებული გარემოებები კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნებოდა.
გიორგი სიორიძე სასამართლოს სარჩელის არდაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ, სასამართლოს მიმართა და ხუთივე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის არდაკმაყოფილება მოითხოვა.
მისი შეფასებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის აუცილებელ სამართლებრივ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
სიორიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ კონკრეტული პარტიებისთვის, არამედ საქართველოში პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიული პროცესების მომავლისთვისაც.
„გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ ეს სარჩელი, როგორც დაუსაბუთებელი სარჩელი“, – მიმართა მან მოსამართლეებს.
სიორიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მექანიზმი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს და სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა საერთაშორისო სამართლებრივი განხილვის საგანიც გახდეს.
მისი გამოსვლისას სიტყვიერი დაპირისპირება წარმოიშვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადების გამოც.
სიორიძემ სუს-ის ანგარიშიდან რუსეთის საფრთხეებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები გაიხსენა. ამასთან, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებისა და პოლიტიკური ოპონენტების უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.
არჩილ გორდულაძემ აღნიშნული ბრალდება უარყო და მას დეზინფორმაცია უწოდა.
სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მხარეებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ დაუდასტურებელი ბრალდებებისა და განსახილველ საქმესთან უშუალოდ დაუკავშირებელი შეფასებებისგან.
„გახარია საქართველოსთვის“ – არჩევნების შეფასება პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება
„ლელოს“ წარმომადგენლების შემდეგ სასამართლოს საკუთარი არგუმენტები პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ წარუდგინა.
მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და მათი შედეგების შეფასება იყო.
სიჭინავას განცხადებით, არჩევნების სამართლიანობის შესახებ განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია ან შედეგების გასაჩივრება არ შეიძლება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლად იქცეს.
მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გასაჩივრების მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ ამ შესაძლებლობების გამოყენება კანონიერია.
„თეორიულად როგორ შეიძლება იმის დაშვება, რომ არჩევნების მიმართ ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების განწყობები პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი შეიძლება გახდეს?!“ – განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.
სიჭინავამ ასევე განმარტა, რომ პარტიას საპარლამენტო მანდატების დათმობის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, მისი შეფასებით, მანდატებზე უარის თქმაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური მოქმედებაა და პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.
მან უარყო მოსარჩელე მხარის არგუმენტები, რომლებიც „გახარია საქართველოსთვის“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკურ კავშირებს ეხება.
სიჭინავას განცხადებით, პარტიას დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა აქვს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
ჩორჩანას საკითხი და სახელმწიფო სუვერენიტეტი
ბერდია სიჭინავას გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსების საკითხს დაეთმო.
მისი განცხადებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს განთავსება სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა და ამ გადაწყვეტილებისთვის საოკუპაციო ძალებთან შეთანხმების აუცილებლობის დაშვება ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას ნიშნავს.
სიჭინავამ აღნიშნა, რომ ჩორჩანას ეპიზოდის სარჩელში ასახვა შესაძლოა რუსეთის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობის შეფასებაზე აისახოს.
მისი თქმით, სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
მან სასამართლოს მოუწოდა, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობა.
სიჭინავა ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო სანქციების საკითხს და განაცხადა, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების დასანქცირება სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ნიშნავს.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცალკეული პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან აიგივებს.
სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლო სხდომაზე
ბერდია სიჭინავას გამოსვლისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მასსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ არჩილ გორდულაძეს შორის.
გორდულაძემ სიჭინავას მოუწოდა, მიმართვები უშუალოდ სასამართლოსკენ მიემართა და არა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისკენ.
სიჭინავამ საპასუხოდ გორდულაძეს ჰკითხა, რა სამართლებრივი საფუძვლით შეაწყვეტინა სიტყვა.
მხარეებს შორის რეპლიკების გაცვლის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ჩაერთო და ორივე წარმომადგენელს კორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა.
ნადარაიამ აღნიშნა, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვთ, თუმცა სასამართლო დარბაზში ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვები დაუშვებელია.
სასამართლოს თავმჯდომარემ შენიშვნები ორივე მხარეს მისცა და სხდომის გაგრძელება მოითხოვა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის არგუმენტებს არ იზიარებენ
სასამართლო განხილვას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.
მისი განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული იყო და არაერთ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.
კახიანმა უარყო სიჭინავას მიერ 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტაცია.
მან ასევე განაცხადა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხს არასწორად წარმოაჩენდნენ.
„ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, იმიტომ, რომ აცნობიერებენ, რომ მათ გამოსვლას საზოგადოება ისმენს“, – აღნიშნა კახიანმა.
სარჩელის საფუძვლებზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმაც.
მისი განცხადებით, მოსარჩელე მხარის პოზიცია მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას არ ეფუძნება. ჭეიშვილის განმარტებით, სარჩელში საუბარია პარტიების საერთო მიზნებსა და ისეთ ქმედებებზე, რომლებიც, მოსარჩელეთა შეფასებით, კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება.
მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს უკავშირდება.
ჭეიშვილის შეფასებით, მოპასუხე მხარეების გამოსვლები სარჩელში წარმოდგენილ არგუმენტებს ვერ აბათილებს.
პრემიერ-მინისტრის შეფასება
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელი დასაბუთებულია, ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გამოსვლები ძირითადად პოლიტიკურ განცხადებებს ეფუძნება.
კობახიძემ ოპოზიციური პარტიები ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის შეცვლისკენ არის მიმართული.
მისი შეფასებით, მოპასუხე მხარეების სასამართლოში გაკეთებული განცხადებები სარჩელში წარმოდგენილ პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური სივრცე უნდა არსებობდეს, თუმცა, მისი თქმით, მასში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ ძალებს, რომლებსაც ის „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენიებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.
ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) განცხადება გაავრცელა, რომელშიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო შეშფოთება გამოხატა.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საქართველოში პოლიტიკური კონკურენცია შეზღუდოს და ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე დატოვოს.
ALDE-მ მხარი დაუჭირა „ლელოსა“ და მის ლიბერალურ პარტნიორებს, მოითხოვა პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტა და ევროკავშირს მიზანმიმართული სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
მსგავსი პოზიცია გამოხატა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმაც.
ორგანიზაციამ დაგმო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიული უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის რისკებს ზრდის.
კომიტეტმა ევროპულ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვას.
საერთაშორისო გამოხმაურებას მიესალმნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ALDE-ს პოზიცია ქართული დემოკრატიის მხარდაჭერის გამოხატულებაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა კი აღნიშნა, რომ პარტიების შესაძლო აკრძალვას საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მოჰყვება.
მმართველი პარტიის პასუხი საერთაშორისო კრიტიკაზე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები გააკრიტიკეს.
თორნიკე ჭეიშვილმა ALDE-ს პოზიცია საკონსტიტუციო მართლმსაჯულების პროცესში ჩარევის მცდელობად შეაფასა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა კი განაცხადა, რომ ALDE-სა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის შეფასებები მიკერძოებულია და კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ჭეიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.
განხილვა 9 ნოემბრიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის ფარგლებში მოპასუხე მხარეების ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა.
პროცესის განმავლობაში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციები წარმოადგინეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სარჩელში დასახელებული გარემოებები პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს ქმნის. მოპასუხე პარტიები კი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი აკრძალვისთვის აუცილებელი სამართლებრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო განხილვაში ერთკვირიანი შესვენების შემდეგ პროცესი 9 ნოემბერს განახლდება. მომდევნო ეტაპზე მხარეებს ერთმანეთისთვის კითხვების დასმისა და წარმოდგენილ არგუმენტებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნებათ.