საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა საგარეო პოლიტიკაში მრავალვექტორული თანამშრომლობისა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კურსს აგრძელებს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სამშვიდობო პოლიტიკა და ჰუმანიტარული ჩართულობის პროგრამები კვლავ აქტიურად ხორციელდება.

დოკუმენტი, რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებს აჯამებს.

ანგარიშის თანახმად, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ 4.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. სოციალური პოლიტიკის მიმართულებით გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარებები, ჯანდაცვის დაფარვის მაჩვენებელმა 95%-ს მიაღწია, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა.

მთავრობის შეფასებით, გაგრძელდა დევნილების, ეკომიგრანტებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის პროგრამები. განათლების სფეროში მიმდინარეობს სისტემური რეფორმა, განახლდა სასწავლო პროგრამები და ინფრასტრუქტურა, ასევე გაიზარდა სამეცნიერო კვლევების დაფინანსება.

კულტურისა და სპორტის მიმართულებით, დოკუმენტის მიხედვით, გაფართოვდა სახელმწიფო პროგრამები, დაფინანსდა ასობით პროექტი და განვითარდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა.

საგარეო პოლიტიკის ნაწილში ხაზგასმულია, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში, პარალელურად კი აგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თავდაცვის სფეროში გრძელდება ტრანსფორმაციის პროცესი 2035 წლამდე განსაზღვრული ხედვის შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას, უპილოტო სისტემების დანერგვასა და თანამედროვე მართვისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

დოკუმენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა წარადგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე.