საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშს მიმდინარე კვირაში განიხილავენ და კენჭს უყრიან. რეზოლუცია ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა.

დოკუმენტში ასახულია შესწორება, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარების ნაწილი სამი ქართული ტელეკომპანიის – „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2-ის“ სანქცირებას მოითხოვს.

რეზოლუციის ავტორები ასევე „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და პასუხისმგებელი პირების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.

რასა იუკნევიჩიენეს მიერ წარდგენილ დოკუმენტს თბილისში განსხვავებულად აფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები რეზოლუციის შინაარსს იზიარებენ და მას ქვეყანაში არსებული ვითარების ასახვად მიიჩნევენ, ხოლო მმართველ გუნდში დოკუმენტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ იგი პოლიტიკურად მოტივირებულია.