ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში პაკისტანის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

„თალიბანის“ პრესსპიკერის მოადგურის, ჰამდულა ფიტრატის განცხადებით, კუნარის პროვინციაში დარტყმის შედეგად ერთი სახლი დაზიანდა. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ოჯახის სამი წევრი, ოთხი ადამიანი კი დაშავდა.

ფიტრატმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

პაკისტანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.

ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები თებერვლის შემდეგ განსაკუთრებით დაძაბულია. ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

ისლამაბადი ქაბულს იმ მებრძოლების შეფარებაში ადანაშაულებს, რომლებიც, პაკისტანის განცხადებით, ავღანეთის ტერიტორიიდან საზღვრისპირა თავდასხმებს ახორციელებენ. „თალიბანის“ ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედება პაკისტანის შიდა პრობლემას წარმოადგენს.