ესპანეთში, პირენეის მთებში, ზღვის დონიდან 2 235 მეტრ სიმაღლეზე, უძველესი ადამიანების იდუმალი დასახლება აღმოაჩინეს. ნურიას ხეობაში მდებარე მღვიმე, რომელიც ცნობილია „Cova 338“-ის სახელით, დღეისათვის ამ რეგიონში აღმოჩენილი ყველაზე მაღალმთიანი საცხოვრებელია.
ათწლეულების განმავლობაში არქეოლოგები თვლიდნენ, რომ 2 000 მეტრზე მაღალ ზონებს ადამიანები მხოლოდ ტრანზიტისთვის, ანუ გამავალი გზის სახით იყენებდნენ. თუმცა, ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Frontiers in Environmental Archaeology-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ძვ.წ. მე-5 და პირველ ათასწლეულებს შორის, სხვადასხვა პოპულაცია ამ მღვიმეებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა.
რამ გააკვირვა მეცნიერები?
მკვლევარებმა 2021-2023 წლებში ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს კერების ნაშთები, ცხოველების ძვლები, კერამიკის ფრაგმენტები და ორი იშვიათი სამკაული: ერთი საზღვაო ნიჟარისგან, ხოლო მეორე მურა დათვის კბილისგან დამზადებული.
ყველაზე საინტერესო აღმოჩენა კი მწვანე მინერალების კოლექციაა, რომელიც, სავარაუდოდ, მალაქიტია (სპილენძის შემცველი მინერალი). ეს ფაქტი დასავლეთ ევროპაში სპილენძის მოპოვების ერთ-ერთ უძველეს მტკიცებულებად ითვლება.
ორგანიზებული ეკონომიკა მთის წვერზე
მკვლევარების თქმით, მინერალების მღვიმეში დამუშავება მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ადგილი, არამედ კარგად დაგეგმილი ეკონომიკური საქმიანობის ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ დასახლება მუდმივი არ ყოფილა (მღვიმე პერიოდულად მიტოვებული იყო, შემდეგ კი კვლავ ბრუნდებოდნენ), ეს ვიზიტები წინასწარ იყო გათვლილი.
„მთა არ ყოფილა ბარიერი, ის იყო აქტიური ადგილი პრეისტორიული თემების ეკონომიკური და ტერიტორიული ორგანიზებისთვის“, – აცხადებს კვლევის თანაავტორი, დოქტორი ედალდ კარბონელი.
კვლევის წამყვანი ავტორის, კარლოს ტორნეროს თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მაღალმთიანი რეგიონები პერიფერიული და უმნიშვნელო იყო, თუმცა აღმოჩენილი მტკიცებულებები ადასტურებს კომპლექსურ საქმიანობასა და მინერალური რესურსების მიზანმიმართულ ექსპლუატაციას.
ეს აღმოჩენა ცვლის წარმოდგენას პრეისტორიული ადამიანების შესაძლებლობებზე და გვაჩვენებს, რომ მათთვის რთულად მისადგომი გარემოც კი წარმოადგენდა რესურსებით მდიდარ სტრატეგიულ სივრცეს.