რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი ახალ ფორმატში რეგულარულ საფუძველზე გაგრძელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა მინსკში გამართული შეხვედრის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, გალუზინი მინსკში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.
„შეთანხმების თანახმად, რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალ ფორმატში რეგულარულ საფუძველზე წარიმართება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
გალუზინის თქმით, რუსული მხარე შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. მისი განცხადებით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები იმ სფეროებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.
სავაჭრო და სატრანსპორტო საკითხები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებსა და სატრანსპორტო გადაზიდვებზე.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ღვინის მიწოდების გაზრდას ისახავს მიზნად.
„რუსულმა მხარემ წარადგინა ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია ჩვენი ქვეყნის ფართო ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქტების მიწოდების შემდგომი გაზრდის მიზნით. ქართული მხარის ინიციატივით, შეთანხმება მიღწეულია საავტომობილო გადაზიდვებზე დამატებითი ნებართვების გაცემის შესახებ“, – აღნიშნა გალუზინმა.
მისივე განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული ნაკადების დინამიკა.
რეგიონული უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ურთიერთობები
გალუზინის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, განხილვა ეფუძნებოდა მიდგომას, რომლის მიხედვითაც რეგიონული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს ეკისრებათ.
მისივე თქმით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების ეტაპობრივი აღდგენისა და ხალხებს შორის კონტაქტების გაძლიერებისთვის.
გალუზინმა შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის წარმომადგენლებს.