20 ივნისს დაგეგმილი შაბათის მარში „გავრილოვის ღამეს“ მიეძღვნება. მსვლელობა სახელწოდებით „გვახსოვს გავრილოვის ღამე“ 19:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
მარშის ორგანიზატორი სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ აცხადებს, რომ აქცია ძალადობის, რეპრესიების, შიშისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა იქნება.
ორგანიზატორების განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად დარჩა, როდესაც მოქალაქეები პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას აპროტესტებდნენ.
მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ ღამეს განვითარებული მოვლენები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის კონტექსტში დღემდე მნიშვნელოვან საკითხად რჩება.
მათივე ინფორმაციით, 20 ივნისის მარში არა მხოლოდ წარსულის გახსენებას, არამედ ქვეყნის მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მხარდაჭერას ემსახურება.