4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განაჩენი 22 ივნისს გამოცხადდება. საქმე ეხება ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის ეპიზოდს.
დაკავებულთა ნაწილმა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მათი განცხადებით, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც სხდომიდან იყო გაძევებული. მისი საბოლოო სიტყვა მომდევნო სხდომაზე მოისმინება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.
ბრალდებულებს ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე რამდენიმე მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი, მათ შორის – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
აღნიშნული მუხლები 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე სულ 12 პირი იყო პასუხისგებაში მიცემული. მათგან ექვსმა ბრალდებულმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და სასჯელის სახედ სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ.