ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მისი კომენტარები გამოწვეული იყო უკრაინის მხრიდან მუქარებით, მათ შორის განცხადებებით, რომ კიევმა ბელარუსში ასობით პოტენციური სამიზნე გამოავლინა და მისი ადგილსამყოფელიც იცოდა.  „შესაძლოა, გადავაჭარბე, მაგრამ ეს მისი უადგილო განცხადებების პასუხი იყო : „დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დარტყმას მივაყენებთ“. ჩუმად ვიყავი. ყველას უკვირდა, რომ ჩუმად ვიყავი. მივხვდი: ეს ადამიანი ზეწოლის ქვეშ იყო, ახალგაზრდა კაცი, გამოუცდელი, ის სამხედრო პირი არაა. შესაძლოა, თავში რაღაც აერ-დაერია. ჩუმად ვიყავი. მაგრამ როდესაც მათ მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი მეპასუხა. თუ ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, არ უნდა მეთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლაშია. შესაძლოა, ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა ამაზე. მაგრამ, მეორეს მხრივ, უნდა გაიგოს: „როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს. 

ცნობისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ ბელარუსს საფრთხეს დაემუქრებოდა, უკრაინაში „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეს დაარტყამდა.