ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშს უყრის კენჭს. დოკუმენტს საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ანგარიშს უკვე მიღებული აქვს მხარდაჭერა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, სადაც 5 მაისს მას 53-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 14 წინააღმდეგ წავიდა.
დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოს შესახებ მეორე ანგარიშს და ეფუძნება ევროკომისიის 2025 წლის შეფასებებს. პროექტი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, ევროპული ინტეგრაციისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობას აფასებს.
ანგარიშის პროექტში ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც, დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, „აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.
დოკუმენტის თანახმად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობებში სერიოზული გამოწვევები შექმნა.
ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სანქციების საკითხს ეხება. ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებულ მიზნობრივ პერსონალურ სანქციებს.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ზომები დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევებისა და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის მექანიზმად განიხილება.
ამასთან, ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის მიუხედავად, სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ინდივიდუალურ სანქციებს დამოუკიდებლად აწესებს და სხვა ქვეყნებსაც მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რომელიც 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით დაიწყო.
ეს მექანიზმი საქართველოში ექსპერტთა მისიის გაგზავნას ითვალისწინებს, რომლის მიზანია ეუთოს წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სავიზო პოლიტიკასაც. ევროპარლამენტი აღნიშნავს ევროკომისიის წინადადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.
დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა კონკრეტული ქართველი თანამდებობის პირებისთვის ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო.
ამასთან, ანგარიშში გაფრთხილებაა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის შეშფოთებებს უპასუხოდ დატოვებს, მომავალში შესაძლოა დადგეს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც.
დოკუმენტში ცალკე არის განხილული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად საჯაროდ არსებული მტკიცებულებებისა და ბრალის აღიარების საკითხებისა, მისი დაპატიმრება კითხვებს აჩენს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქმე უფრო ფართო პრობლემებზე მიუთითებს, მათ შორის მართლმსაჯულების პოლიტიკურ გავლენებზე, არაფორმალურ მმართველობაზე და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა პროცესებზე.
ევროპარლამენტი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების საქმიანობას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მედია ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემატურ დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობს.
დოკუმენტში კონკრეტულად არიან ნახსენები ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“, რომელთა მიმართ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციები პოზიტიურად არის შეფასებული.
ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილონ პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დეზინფორმაციულ კამპანიებს ორგანიზებას უწევენ ან აფინანსებენ.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს სანქციების სიაში შეიყვანოს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.
ევროპარლამენტის ანგარიშები სამართლებრივად სავალდებულო არ არის, თუმცა ისინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს და ხშირად გავლენას ახდენს ევროკავშირის შემდგომ გადაწყვეტილებებსა და წევრი სახელმწიფოების პოლიტიკაზე.
საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში აჩვენებს, რომ ბრიუსელში მზარდია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, მედიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამავდროულად, დოკუმენტი მიუთითებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვას სულ უფრო აქტიურად განიხილავს, თუ დემოკრატიული სტანდარტების შესახებ არსებული კითხვები უპასუხოდ დარჩება.