პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია შედგა, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

ხოშტარიას თქმით, არც მკურნალ ექიმთან შეხვედრა გამართულა, თუმცა ადმინისტრაციისგან დაპირება მიიღო, რომ შესაბამისი პროცედურები განხორციელდება. მისივე განცხადებით, როგორც კი მკურნალობის რეალური გეგმა შედგება, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებს.

ამასთან, ხოშტარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ იგი „სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი“. მისი თქმით, სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმ განცხადებებზე, რომლებიც თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ცნობისთვის, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი და გადაადგილებისთვის ყავარჯნის გამოყენება სჭირდება. მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობებით და შეუფერხებლად სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით.