პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, განცხადებით, ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

ტუსკის ცნობით, ოპერაცია ლუბლინის პოლიციამ და პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ჩაატარეს. მისი თქმით, დაკავებული საქართველოს პასპორტს იყენებდა, თუმცა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.

პრემიერის განცხადებით, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები აგრძელებენ მუშაობას იმის დასადგენად, ვინ შეიძლება იყოს მკვლელობის დამკვეთი.

საქმე ეხება რუსეთის მოქალაქის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობას. პოლონური მედიის ინფორმაციით, 44 წლის მხატვარსა და სატირიკოსს, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში რუსეთის ხელისუფლებასა და ვლადიმირ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა, თავდამსხმელმა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენჯერმე ესროლა.