იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარი, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა, „სრულიად შეთხზული“ იყო.  მელონის თქმით, გაოგნებულია აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარებით.  „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულიად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, გაოგნებული ვარ. არ ვიცი, რატომ იქცევა აშშ-ის პრეზიდენტი ასე თავისი მოკავშირეების მიმართ: უფრო მეტიც, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იმედის გამაცრუებელია, რომ ის იგივე მიდგომას არ იჩენს დასავლეთისა და აშშ-ის მტრების მიმართ, რომელთა ლიდერებსაც გაცილებით დიდი ლმობიერებით ეპყრობა. ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც მე და არც იტალია არასდროს არავის ვეხვეწებით“, – განაცხადა მელონიმ.  აღსანიშნავია, რომ ტრამპის კომენტარების გამო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მომავალ კვირას აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.  „პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ გაჟღერებული მძიმე და შეურაცხმყოფელი სიტყვები მთელ იტალიას შეურაცხყოფს“, – აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.

ცნობისთვის,  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ჯორჯია მელონი მას ფოტოს გადაღებას შეეხვეწა.  „ალბათ ბედნიერია, რომ მასთან საუბარი მქონდა. მასთან არ უნდა მესაუბრა. შემეხვეწა, მასთან სურათი გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად სურათის გადაღება. არ გადავიღებდი, მაგრამ შემეცოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.