19 ივნისს შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების რეალიზაციის მიზნით დაგეგმილი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის, ირანის და შუამავალი კატარის და პაკისტანის წარმომადგენელთა მოლაპარაკება გადაიდო.
საგარეო საქმთა სამინისტროს თანახმად, შვეიცარია კვლავაც მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს და მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. ერთი დღით ადრე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გაუქმდა შვეიცარიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტი. მას მონაწილეობა უნდა მიეღო ირანთან მოლაპარაკებაში. ვიზიტის გადადება ლოგისტიკურ პრობლემებს დაუკავშირეს. ცნობისთვის, 17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად. რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს 14-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას და ირანის რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რომლის შექმნის საფრთხეც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაასახელეს ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზეზად, შეთანხმების მიხედვით, ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას, ან შეიძინოს ბირთვული იარაღი და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით.