ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტს – „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ – განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები საქართველოს მრავალწლიანი პოლიტიკის ნაწილია.

 უწყების მტკიცებით, პროექტის მიზანი ისტორიული მოვლენებისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის შესახებ „დამახინჯებული აღქმის“ ჩამოყალიბებაა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მშვიდობის“, „დიალოგისა“ და „ქრისტიანული ღირებულებების“ შესახებ გზავნილების ფონზე ახალგაზრდებს ცალმხრივი პოლიტიკური ნარატივები მიეწოდებათ, რაც, მათი შეფასებით, ქართველი ახალგაზრდების კონკრეტული იდეოლოგიური ხედვებით აღზრდას ემსახურება.

ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოებრივი ჯგუფები მომავალ თაობას აფხაზეთის საკითხზე „ობიექტური ისტორიული ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაციით“ ზრდიან და ახალგაზრდების გამოყენებას „რევანშისტული პოლიტიკის“ ინსტრუმენტად ცდილობენ.

„ისტორიული მეხსიერების პროპაგანდისტული კონსტრუქციებით ჩანაცვლების მსგავსი მცდელობები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ სურს ომის დაწყებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა აღიაროს. დღევანდელ რეალობაში, საქართველოს მხრიდან მშვიდობიანი განზრახვის ერთადერთ დასტურს აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე ხელმოწერა წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.