უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ღამით რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განახორციელეს.

ზელენსკის თქმით, ოპერაციის სამიზნე იყო ოკუპანტების სამხედრო ლოჯისტიკა, ნავთობის ინდუსტრიის ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„ღამით ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მიზანში ამოიღო ოკუპანტების სამხედრო ლოჯისტიკა, ნავთობის ინდუსტრია და საჰაერო თავდაცვა. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმებზე სამართლიანი პასუხია“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.

მისი ინფორმაციით, დარტყმები ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იერიშები განხორციელდა ყირიმის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება, ასევე დროებით ოკუპირებულ ქერჩში მდებარე ნავთობბაზაზე.

ზელენსკის თქმით, წარმატებული დარტყმები განხორციელდა S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ოთხ რადარსა და Pantsir-ის ორ სისტემაზეც.

„რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ძალა ნამდვილად მშვიდობისთვის მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.