“ ვფიქრობ, ეს ყველაფერი პიარული სვლაა, რადგან კონსტიტუციაში ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია, იცის, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ერთმევა, “ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. ნიკოლოს სამხარაძემ კომენტარი გააკეთა „ოპოზიციური ალიანსის“ ინიციატივაზე, რაც ახალ კამპანიას – „ემიგრანტის ხმა“ და კამპანიის ფარგლებში ემიგრანტებისთვის ხმის უფლების აღსადგენად სექტემბერში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას გულისხმობს. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელი თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული. „კონსტიტუციასთან მიმართებით არანაირი კითხვა არ დგას. გასაგებია, რომ ახლა ცდილობენ, თავიანთ გაუსაძლის ყოფნაში რაღაცას წაეპოტინონ და აქტივობაში ჩაეთვალოთ. საკონსტიტუციო სარჩელი თავიდანვე მარცხისთვის იქნება განწირული, რადგან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლება აქვს. მათ საშუალება აქვთ, არჩევანი საქართველოს ტერიტორიაზე გააკეთონ და ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს მისცენ“, – განაცხადა სამხარაძემ.