განათლების მინისტრი გივი მიქანაძე განმარტავს, რა პირობის დაკმაყოფილება მოუწევთ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს, რათა სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნონ.
მინისტრის განცხადებით, დეზინფორმაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტებს მაღალი აკადემიური მოსწრება სჭირდებათ. მისი განმარტებით, დაფინანსების შენარჩუნებისთვის მთავარი პირობა საკმარისი რაოდენობის კრედიტების დაგროვებაა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს გადაწყვეტილება, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლების შემოღების შესახებ.
ეს წესი აისახა დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ დაამტკიცა. ამ პერიოდში ვნახეთ, რომ კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანასა და მცდარი აღქმების შექმნას ისახავდა მიზნად.
სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საზოგადოებას დეტალურად განვუმარტოთ, რას მოიცავს დაფინანსების ახალი მოდელი თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც უკვე სექტემბრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებს.
ახალი მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სტუდენტს ან მის ოჯახს სწავლის საფასურის გადახდა არ მოუწევს. თუმცა, ამ პერიოდში სტუდენტმა დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80% უნდა დააგროვოს, რათა მესამე სემესტრშიც 100%-იანი დაფინანსება შეუნარჩუნდეს. იგივე პრინციპი გავრცელდება მომდევნო სემესტრებზეც.
თუ სტუდენტი კრედიტების 80%-ს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო თანადაფინანსებას მაინც უზრუნველყოფს. კერძოდ, შემდეგი სემესტრის სწავლის საფასურის 50%-ს სახელმწიფო დაფარავს.
ამასთან, სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს, საჭირო კრედიტები დააგროვოს და ამის შემდეგ კვლავ აღიდგინოს 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება.
ასევე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სრული დაფინანსების მისაღებად აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თითოეულ საგანში სტუდენტისთვის საკმარისია მინიმალური ზღვრის, 51 ქულის გადალახვა, რათა შესაბამისი კრედიტი მიიღოს. მნიშვნელობა არ აქვს, კრედიტი მაღალი თუ დაბალი შეფასებით იქნება მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება კრედიტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
აღნიშნული მოდელი მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა. შესაბამისად, ის შეესაბამება იმ ქვეყნების მოდელებს, სადაც სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლება სრულად ფინანსდება.
ეს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხება. გადაწყვეტილების მიზანია, ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და მათი შრომა და მიზანდასახულობა სათანადოდ დაფასდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.