ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც მაროკოდან მიგრანტები სეუტაში შეიჭრნენ, პოლიციამ ტარახალის სანაპირო ზოლში შემაკავებელი ბარიერის მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას ესპანური გაზეთი El País ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბარიერის სიგრძე 500 მეტრია. წყლის ზედაპირზე მისი სიმაღლე 70 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წყალქვეშ – ერთ მეტრს.
ბარიერებს შორის არსებულ სპეციალურ ზონას ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის კატერები გააკონტროლებენ.
ამასთან, El País-ის ინფორმაციით, ევროკავშირის 22 ქვეყანა ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით სასწრაფო და კოორდინირებულ ევროპულ რეაგირებას ითხოვს.
ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, მალტის, კვიპროსის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, დანიის, ბულგარეთის, ბელგიის, ფინეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებმა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს წერილით მიმართეს. დოკუმენტში ისინი სეუტაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის მოწვევას ითხოვენ.