უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტის გამო, გასულ ღამეს მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა.
ზელენსკის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა, და 185 სხვადასხვა ტიპის დრონი გამოიყენა.
„მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები ასევე განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებზე. მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, რადგან Patriot-ის სისტემებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აღარ არის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.
მისი განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის შესაჩერებლად Patriot-ის რაკეტები დაუყოვნებლივ არის საჭირო.
„ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თითოეული პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს. მათ გარეშე კი ყოველ ღამე უფრო მეტი მსხვერპლია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.