შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ძებნილი პირი, მეტსახელად „ფაიფურა“, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად 2026 წლის 15 აპრილს დაიწყო, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.
შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში მონაწილეობდა. ე.წ. ქურდულ შეკრებებზე ის გადაწყვეტილებებს „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ ვადაში, გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ შემთხვევაში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა. შსს-ს ცნობით, აღნიშნული თანხის ნაწილი საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უნდა გადანაწილებოდა, დარჩენილი ნაწილი კი თავად უნდა მიესაკუთრებინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.