სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს, თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათი პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ახერხებდა.
ამის შემდეგ, შსს-ს ცნობით, ბრალდებული იმავე მოქალაქეებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა და ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვის, ხოლო ანგარიშებზე არსებული თანხები – ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. ამ საფრთხის თავიდან აცილების მოტივით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის საბაბით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სქემის გამოყენებით ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.