2015 წლის 1-ელ აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული უწყება, რომელმაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის დიდი ნაწილი საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ ეს ყოველდღიური, პროფესიონალური და ხშირად შეუმჩნეველი შრომა ქმნის უსაფრთხოების იმ მყარ საფუძველს, რომელზეც ქვეყნის მშვიდობა, მოქალაქეთა დაცულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება დგას.

„დღეს უსაფრთხოების გარემო გაცილებით უფრო რთული და მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფოებს ერთდროულად უწევთ ტერორიზმთან, ჯაშუშობასთან, კიბერშეტევებთან, დეზინფორმაციასთან, ეკონომიკურ ზეწოლასა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, საზოგადოებრივი ერთიანობის დარღვევა და ქვეყნის სუვერენული განვითარების შეფერხება.

საქართველოსთვის ამ გამოწვევებს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში არსებული არასტაბილური უსაფრთხოების გარემო და სხვადასხვა სახის გარე ზეწოლის მუდმივი რისკი.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრთხოება მხოლოდ უკვე გამოვლენილ საფრთხეებზე რეაგირებას არ ნიშნავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირებას, პრევენციასა და მათი განვითარების აღკვეთას, ვიდრე ისინი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას რეალურ ზიანს მიაყენებენ.

ამ პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი საქმიანობის დიდი ნაწილი საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ ეს ყოველდღიური, პროფესიონალური და ხშირად შეუმჩნეველი შრომა ქმნის უსაფრთხოების იმ მყარ საფუძველს, რომელზეც დგას ქვეყნის მშვიდობა, მოქალაქეთა დაცულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად დგანან იმ უხილავ ფრონტზე, სადაც წარმატება ხშირად სწორედ იმით იზომება, რომ საფრთხე საზოგადოებამდე ვერ აღწევს, კრიზისი არ ვითარდება და მოქალაქე უსაფრთხოების სისტემის მუშაობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ამჩნევს.

საქართველოს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება. მისი მთავარი ძალა მდგრად სახელმწიფო ინსტიტუტებში, ეროვნული ინტერესების ერთგულებასა და იმ უნარშია, რომ დროულად ამოიცნოს, შეაფასოს და აღკვეთოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები.

ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის საერთო პასუხისმგებლობაა, ხოლო ამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებული მისია აკისრია.

საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიონალური, ძლიერი და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას. სწორედ ასეთ ინსტიტუტებზე დგას სახელმწიფოს მდგრადობა, ხოლო მოქალაქეთა უსაფრთხოება და ნდობა მათი ეფექტიანი, პასუხისმგებლიანი და კანონზე დაფუძნებული საქმიანობის შედეგია.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მაღალი პროფესიონალიზმით, ერთგულებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის 11 წლისთავს. გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცესა და ღირსეულ მსახურებას საქართველოს წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის 11 წლის იუბილე ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ. ღონისძიებაზე გეკა გელაძემ სამსახურის თანამშრომლები სხვადასხვა ხარისხის სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.