აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, – ინფორმაციას Reuters აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, ახალი მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ტიპის ვიზებზე, რომლებიც ბიზნეს  და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.

ფედერალური რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამის ერთწლიანი შეფასების შედეგად სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ პროგრამა სავიზო პირობების დაცვას ეფექტურად უზრუნველყოფს, რის გამოც მისი მუდმივ რეჟიმში ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღეს.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში დეპოზიტის ოდენობა 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარს შეადგენდა. საბოლოო რეგულაციის თანახმად, 5 000-დოლარიანი დეპოზიტი უქმდება, ხოლო დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 20 000 აშშ დოლარით განისაზღვრება.

აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამის საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოს ამოქმედდება.

ცნობისთვის, სავიზო დეპოზიტის პროგრამაში 50 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველოც.