აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ირანზე იერიშის მიტანისგან თავს შეიკავებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს სამხედრო ძალის, სიმძლავრისა და შესაძლებლობების ისეთი მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ამის მიუხედავად, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა მოგვმართეს თხოვნით, შევიკავოთ თავი ნებისმიერი თავდასხმისგან, რადგან შეთანხმების ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია“, – დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, ეს შეთანხმება მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გახსნას, ასევე ირანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას.

„ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს მომავალი კეთილდღეობისა და, ამასთანავე, წარმატებული და აყვავებული ირანის გადარჩენის ინტერესებიდან გამომდინარე, დავთანხმდი, რომ თავდასხმა გაუქმდეს, იმ პირობით, თუ სწრაფად შევძლებთ შეთანხმების მიღწევას“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელი აშშ-ს ამ ვალდებულების შესრულებაში უერთდება.