აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აცხადებს, რომ საქართველოში მოქალაქეები და ჟურნალისტები რიგ შემთხვევებში ისეთი მოსაზრებების გამოხატვისთვის ისჯებიან, რომლებიც, მათი შეფასებით, სიძულვილის ენას არ წარმოადგენს.

ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი გამონათქვამები არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას და არ აღვივებს სიძულვილს რომელიმე დაცული ჯგუფის ან ამ ჯგუფის წევრი პირების მიმართ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა“ შეშფოთებას გამოთქვამს იმ პრაქტიკის გამო, რომელსაც, მისი შეფასებით, მართლმსაჯულების ორგანოები საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელით ამკვიდრებენ.

პლატფორმის განცხადებით, სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯის შემთხვევები აჩენს ეჭვს, რომ მოქმედი კანონმდებლობა და მისი აღსრულების პრაქტიკა შესაძლოა გამოყენებული იყოს მოქალაქეთა მოსაზრებების კონტროლისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციების შესაკავებლად.

„არაერთ შემთხვევაში მოქალაქეები და ჟურნალისტები ისჯებიან ისეთი აზრის გამოხატვისთვის, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სიძულვილის ენას: არ შეიცავს მოწოდებას ძალადობისკენ და არ აღვივებს სიძულვილს რომელიმე დაცული ჯგუფის ან ამ ჯგუფს მიკუთვნებული ინდივიდის მიმართ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ისჯებიან პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის, რიგ შემთხვევებში პატიმრობითაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებული დაცვით უნდა სარგებლობდეს პოლიტიკური გამოხატვა, ხელისუფლების კრიტიკა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დისკუსია.

„დაუშვებელია ეთიკისა და სამოქალაქო სფეროს დავები ადამიანების ციხეში ჩასმით სრულდებოდეს. მიუღებელია ისეთი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც მოქალაქეები პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ მოსაზრებებს სანქციების შიშით აღარ გამოხატავენ“, – აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.