დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირება მისი პოლიტიკური მდგომარეობის მაჩვენებელია.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელმძღვანელობის საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება და პარტიაში ხშირია თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევები.

„რამდენჯერაც „ნაცაგენტურამ“ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა, იმდენჯერ საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწია. ეს ხალხი საკუთარ პარტიაში ვერ იტანს ერთმანეთს, იმაზე ვერ რიგდებიან, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე და ვინ  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, და ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია?! წარმავალი, გასაუქმებელი პარტიის თავმჯდომარეობა ვერ გაუყვიათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, თითქმის არ გასულა წელი ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარე ან არ გადამდგარიყო, ან არ გადაეყენებინათ.

მაჭარაშვილმა ასევე ისაუბრა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, განცხადებებზე და აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება პარტიაში დაპირისპირების გაგრძელებაა.

„ბოლო თავმჯდომარეს სააკაშვილის სული გამოეცხადა და თანამდებობიდან ბოკუჩავა გადააყენა. ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს, რაც „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ბუნებაა დაპირისპირების და წინააღმდეგობის“, – განაცხადა დეპუტატმა.

მაჭარაშვილის განცხადებით, მას კითხვები აქვს ევროკავშირის წარმომადგენლების შეფასებებთან დაკავშირებით, რადგან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელსაც პროდასავლურ პარტიად ყოფნა გულისხმობს.

„საკუთარ თავმჯდომარეს ვერ ირჩევენ ისე, რომ ერთმანეთი არ დაუპირისპირდნენ და ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. ასეთ პარტიას საზოგადოება ვერ ენდობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიის შესაძლო ანტისახელმწიფოებრივად ცნობასთან დაკავშირებულ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.