„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელია. მისი თქმით, საჯარო სივრცეში ისეთი ღირებულებების შეურაცხყოფა, როგორიცაა რწმენა, ეკლესია, პატრიარქი, ტრადიციები და ქართული ღვინო, დასჯადი უნდა იყოს.

მაჭარაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში „ულტრალიბერალური კანონმდებლობა“ მოქმედებდა, თუმცა, მისი შეფასებით, ეს მიდგომა ეტაპობრივად იცვლება.

„თუ რამემ საქართველო გადაარჩინა, ეს ეროვნული იდენტობა და მისი დაცვაა. ეროვნულ იდენტობაში შედის რწმენა, ოჯახური ტრადიციები და ყველა ის ფასეულობა, რომელზეც საქართველოს ისტორია იდგა. ნელ-ნელა იცვლება ის ულტრალიბერალური კანონმდებლობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა ეს არ უნდა მოიცავდეს იმ ღირებულებების შეურაცხყოფას, რომლებსაც, მისი შეფასებით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს.

„განსხვავებული აზრი საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო დაცული, მაგრამ ბოლო პერიოდში, მე ვიტყოდი, ულტრალიბერალურად, ზედმეტად იყო დაცული, რაც უნდა გამოსწორდეს. როდესაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას აყენებ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა რწმენა, ეკლესია, პატრიარქი, ტრადიციები ან ქართული ღვინო, ეს, რა თქმა უნდა, დასჯადი უნდა იყოს. არავის აქვს უფლება, აბსოლუტური უმრავლესობისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს შეურაცხყოფა მიაყენოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.